გარგრის მურაბა

სოფელში ერთი ბებერი გარგრის ხე გვიდგას, ნახევრად გამხმარი, იშვიათად ისხამდა ნაყოფს. ან  შეიძლება ჩვენ ჩავდიოდით იშვიათად და ვერ ვხედავდით…  ზუსტად არც კი ვიცი. წელს ნამდვილად გაგვანებივრა და თითქმის სავსე ყუთი ოქროსფერი, მწიფე, წინწკლებიანი და ძალიან გემრიელი გარგარი ჩამოვიტანეთ.

ჯეიმი ოლივერს თუ დავუჯერებთ (კაცმა რომ თქვას, რატომ არ უნდა დავუჯეროთ?)  გარგარი ცხიმიან ხორცთან მისწრება ყოფილა, ცხიმს ანეიტრალებს და გემოს აუმჯობესებსო, ასე ამბობს ჩვენი “შიშველი მზარეული”, სადღაც მისი რეცეპტიც მაქვს ჩანიშნული, ღორის ხორცი გარგრით.  მაგრამ ამჯერად ცოტაოდენი მურაბის გაკეთება გადავწყვიტე. ზამთრის ნაცრისფერ დღეებში, თბილ-თბილ, დაბრაწულ ტოსტებზე რომ გადავუსვამ ჩემს მზისფერ მურაბას და სურნელოვან ჩაის მოვიდგამ გვერდით, ცხოვრება უფრო მშვენიერი მეჩვენება ხოლმე :)

ჩემი ახალი აღმოჩენა მურაბაში ფორთოხლის ცუკატების დამატებაა. შარშან ვცადე და მომეწონა, ამიტომ წელსაც გავიმეორე.  ცუკატებს ზამთარში ვაკეთებ ხოლმე, დიდხანს ინახება, მაგრამ ცოტა ხმება, ვცადე და მურაბაში ჩავაყარე, საოცარი არომატი მისცა, დარბილდა.

ჩემი რეცეპტი მარტივია, არანაირი ზედმეტი მანიპულაციები, 5-5 წუთიანი დუღილები მთელი დღის განმავლობაში და ა.შ. ამდენი არც დრო მაქვს და არც სურვილი, ამ სიცხეში. ჩემი მურაბა 30 წუთში მზადაა.

როგორც წესი, 1 კგ ხილს 1 კგ შაქარს აყრიან ხოლმე, მაგრამ მე ყოველთვის ნაკლებს ვამატებ, ძალიან ტკბილი არ მიყვარს. თქვენ კი თავად გადაწყვიტეთ

gargris mur

1 კგ გარჩეული გარგარი (კურკა გამოცლილი და საშუალო ზომაზე დაჭრილი)

750-800 გ შაქარი

ფორთოხლის ცუკატი ან ცედრა გემოვნებით

ვანილი

 

გარგარს ვჭრი შუაზე, ვაცლი კურკას, შემდეგ კი ზომის  მიხედვით 4-ად ან 6-ად ვჭრი.  ქვაბში ვათავსებთ ხილს და შაქარს, ამოვურევ და ვდგამ ძალიან დაბალ ცეცხლზე. მე წყალს არ ვამატებ, ამიტომ ცეცხლი დაბალია, რომ ხილმა წვენი გაუშვას და არ დაიწვას.

პერიოდულად ამოვურევ ხოლმე. შაქარი რომ გადნება და ხილი მთლიანად დარბილდება, ვამატებ ცედრას ან ცუკატებს. მთლიანობაში დაახლოებით 20-30 წუთით ვადუღებ, შემდეგ ვანილს ვამატებ და პირდაპირ გადამაქვს ხრახნიან ქილებში, ცხელ-ცხელი.  თავზე ვახურებ და მზადაა.

გემრიელად მიირთვით :)

Use Facebook to Comment on this Post

Tags: , , ,

Author:ნინო @ Ratatui.me

6 Responses to “გარგრის მურაბა”

  1. anuki
    July 7, 2013 at 14:24 #

    გუშინ გავაკეთე და უზომოდ მომეწონა,მადლობა ნინო. ნინო ვიცი ძალიან გაწუხებ,რომ მოიცლი მიპასუხე კითხვებზე გთხოვ. 1) ამ რეცეპტში “მინი კექსები ლიმონით” ფერად-ფერადი შაქრის ყვავილები რომ არის სად იყიდება ეგ შაქრის ყვავილები?. 2) რომელიღაც რეცეპტში წერდი და სურათის ბმულიც გედო , Philips HR1372 მულტიფუნქციური ბლენდერი მაქვსო,სად იყიდე ეგ ბლენდერი? და რა ღირს ?,ზუსტად ეგეთი მინდა ვიყიდო. 3) ვერცხლის ქაღალდი სად იყიდება?,ვერცხლის ქაგალდი იგივე ფოლგაა ხო?,მეორენაირად ეგრე არ ჰქვია?. 4) ლაიმი ლიმნის სახეობაა ხო?,შიგნიდანაც და გარედანაც რომ მწვანეა ეგ არის ხო?,სად იყიდება ხო არ იცი ნინო?. დიდი მადლობა და ბოდიში რომ გაწუხებ..

    • July 7, 2013 at 15:10 #

      ანუკი, სიამოვნებით გიპასუხებ :) 1. ეს შაქრის ყვავილები საკონდიტრო მასალებს სადაც ყიდიან იქ იყიდება. 2) ბლენდერი ნათია მინაშვილმა მაჩუქა როგორც კონკურსის პრიზი, perfectcook.org-ზე, მაგრამ აქაც იყიდება, თუ არ ვცდები დაახლოებით 200 ლარის ფარგლებშია, ზუსტად არ ვიცი. 3. ვერცხლის ქაღალდის და ფოლგა ერთი და იგივეა 4. კი, ლაიმი მწვანეა, უფრო რბილი არომატი აქვს ვიდრე ლიმონს, მწვანე ლიმონში არ აგერიოს, ის მჟავეა. კარფურში აქვთ ხოლმე, მაგრამ ცოტა ძვირია.

  2. anuki
    July 7, 2013 at 14:27 #

    ნინო ამ რეცეპტში ” ფორთოხლისა და შოკოლადის მაფინი ” კიდევ ერთი კითხვა დაგიტოვე და რომ მოიცლი მიპასუხე გთხოვ.. მადლობა.

  3. anuki
    July 7, 2013 at 15:10 #

    ნინო, შაფრანი სად იყიდება?. მადლობა..

    • July 8, 2013 at 11:32 #

      პასაჟში რომ სუნელების ჯიხურია, იმ კაცთან

  4. Mia306
    July 8, 2013 at 17:40 #

    ფორთოხლის ცუკატების დამატება ძალიან მაგარი იდეაა! მადლობ ნინო ამ აღმოჩენისთვის ;)

Leave a Reply

Follow

Get every new post on this blog delivered to your Inbox.

Join other followers: